სიახლეები

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია ბანკი ქართუს ორგანიზებით ჩატარდება 2026 წლის 26 - 27 მარტს, თბილისში, საქართველოში.

BACEE-ს ყოველწლიური საერთაშორისო საბანკო კონფერენცია 25 წლის განმავლობაში პირველად ცენტრალური ევროპის მიღმა, საქართველოში, გაიმართება, რაც ხაზს უსვამს ქვეყნის მზარდ მნიშვნელობას რეგიონულ და საერთაშორისო საბანკო სივრცეში. ასოციაციის მიზანია ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, სექტორის მდგრადი განვითარება და ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბანკებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარება.

კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან საშუალებას საქართველოს ეკონომიკისა და საბანკო სექტორის წარმოსაჩენად, აღნიშნულ რეგიონში ფინანსურ სექტორში მიმდინარე პროცესების განსახილველად და გამოცდილების გასაზიარებლად, ამასთანავე, რეგიონიდან და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი წამყვანი ბანკირებისა და ფინანსური სექტორის ექსპერტების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.

კონფერენცია ყოველწლიურად მასპინძლობს 200-მდე დელეგატს კომერციული და ცენტრალური ბანკებიდან, საბანკო ასოციაციებიდან, საერთაშორისო განვითარების ბანკებიდან და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებიდან. ღონისძიება ტარდება Landesbank Baden-Württemberg-ისა და გერმანიის საფონდო ბირჟის ჯგუფის წევრი, 360T-ს თანასპონსორობით და აერთიანებს BACEE-ს წევრებსა და საერთაშორისო პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებს თბილისში ორდღიანი მაღალი დონის დისკუსიებისთვის, ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და ცოდნის გაზიარებისთვის.

კონფერენციის ფარგლებში განიხილება ფინანსური ინდუსტრიის საკვანძო საკითხები, მათ შორის: მაკროეკონომიკური და საბანკო ტენდენციები საქართველოში, კავკასიასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; ციფრული ბანკინგი; კრიპტო და ციფრული აქტივები; ვაჭრობის დაფინანსება და საკორესპონდენტო უთიერთობები; შესაბამისობა და AML; კიბერუსაფრთხოება. ამასთან ერთად, მოეწყობა საბანკო ლიდერთა მრგვალი მაგიდის დისკუსიები.

მოუთმენლად ველით ყველა მონაწილეს თბილისში საინტერესო დისკუსიებისთვის და ხედვების გაზიარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საბანკო სფეროს მომავლის ფორმირებას.

თარიღი და ადგილი

  • 2026 წლის 26 მარტი, 19:00: საღამოს მიღება ბანკი ქართუს მასპინძლობით - პარაგრაფი გოლფი და სპა თაბორი, თბილისი
  • 2026 წლის 27 მარტი, 09:00 - 17:15: 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია - პარაგრაფი თავისუფლების მოედანზე, თბილისი

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  https://baceeconference.com/registration-51-ibc/

გელით თბილისში!

უკან დაბრუნება