სიახლეები

ბანკი ქართუს თანაორგანიზებით ჩატარებული 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია

მიმდინარე წლის 26-27 მარტს სს ბანკი ქართუს თანაორგანიზებითა და მასპინძლობით გაიმართა  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია - იხ. ბმული.

აღნიშნული ღონისძიება  მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის. კონფერენციამ გააერთიანა საერთაშორისო და რეგიონალური საბანკო და ფინანსური სფეროს ლიდერები, ექსპერტები და გადაწყვეტილების მიმღები პირები. ღონისძიებაზე განიხილეს ეკონომიკური ტენდენციები, ფინანსური სექტორის განვითარება და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო:

  • 270-ზე მეტი დელეგატი
  • 25-ზე მეტი ქვეყანა
  • 90-ზე მეტი ორგანიზაცია

51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციის გენერალური სპონსორები იყვნენ:

  • 360T (Deutsche Börse Group)
  • Landesbank Baden-Württemberg (LBBW) 
  • Banfico

გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე და Landesbank Baden-Württemberg-ის მმართველი დირექტორი, ბატონი თომას ლემპული, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე და სს ბანკი ქართუს გენერალური დირექტორი, ბატონი ზურაბ გელენიძე.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მაღალი რანგის სპიკერები, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ბატონი ლაშა ხუციშვილი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს ფისკალურ პოლიტიკაზე, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს თავმჯდომარე, ქ-ნი ნათია თურნავა, რომელმაც მიმოიხილა საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საზედამხედველო სიახლეები.

ჩატარდა თემატური სესიები და პანელური დისკუსიები, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა სპიკერებმა განიხილეს ფინანსური სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:

  • ციფრული გადახდების ინფრასტრუქტურა და ინოვაციები
  • საბანკო სექტორის ტრანსფორმაცია და რისკების მართვა
  • ბანკების ლიდერების პრიორიტეტები თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაცია წარმოადგენს რეგიონის ფინანსური ინსტიტუტების ასოციაციას, რომელიც 30 ფინანსურ ინსტიტუტს აერთიანებს და მიზნად ისახავს რეგიონული ფინანსური სექტორის განვითარების ხელშეწყობას.

სს ბანკი ქართუ ასოციაციას 2024 წელს შეუერთდა, არის ასოციაციის მმართველი საბჭროს წევრი და აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის საქმიანობაში.

ბანკი ქართუ არის პირველი ფინანსური ინსტუტუტი, რომელმაც, საბანკო ასოციაციასთან პარტნიორობით, უმასპინძლა საერთაშორისო საბანკო კონფერენციას.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ცენტარლური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის საერთაშორისო საბანკო კონფერენცია პირველად ჩატარდა ცენტრალური ევროპის ფარგლებს გარეთ, რაც მიუთითებს საქართველოსა და რეგიონის მიმართ მზარდ ინტერესზე და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყნის მნიშვნელოვან როლს რეგიონულ ფინანსურ სივრცეში.

 

უკან დაბრუნება