სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები სტუმრად ბანკი ქართუს ქუთაისის სერვისცენტრში

სს “ბანკი ქართუს” ქუთაისის სერვისცენტრს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მენეჯმენტის სკოლის სტუდენტები ეწვივნენ. შეხვედრის მიზანი საბანკო სექტორის პრაქტიკული მუშაობის გაცნობა და პროფესიული გამოცდილების გაზიარება იყო.

შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ კომერციული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საბანკო მომსახურების ორგანიზების პროცესს და ფინანსური ინსტიტუტის ყოველდღიური ოპერირების პრაქტიკულ ასპექტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე საბანკო სერვისებს, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვასა და სერვისცენტრის ეფექტიან ფუნქციონირებას.

აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა KIU-ს კანცლერმა, ლევან კოპალიანმა. მან აღნიშნა, რომ პრაქტიკაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე განათლების სისტემაში, რადგან სტუდენტებს ეხმარება პროფესიული უნარების განვითარებაში, პრაქტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაციაში.

სტუდენტებს, ასევე, გამოცდილება გაუზიარეს ბანკის ქუთაისის სერვისცენტრის დირექტორმა დიმიტრი გაჩეჩილაძემ და მოწვეულმა სპიკერმა, ბანკირმა რევაზ რობაქიძემ. მათ ისაუბრეს საბანკო სფეროს თანამედროვე გამოწვევებზე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების მნიშვნელობასა და ფინანსური სექტორის განვითარების ტენდენციებზე.

მსგავსი ფორმატის სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკაში გაეცნონ პროფესიულ გარემოს, გაიღრმაონ ცოდნა და უკეთ მოემზადონ მომავალი კარიერული საქმიანობისთვის.

ბანკი ქართუ მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას, განათლების ხელშეწყობასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას უწყობს ხელს.


    

უკან დაბრუნება