სიახლეები

Payments Day 14

მიმდინარე წლის 7 ივნისს, საქართველოს ელექტრონული გადახდების განვითარების კლუბის ორგანიზებით, კომპანია Tieto-სა და ბანკი ქართუს სპონსორობით, გაიმართა ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიება - Payments Day 14.

ღონისძიების ფარგლებში სპონსორებმა საკუთარი პრეზენტაციები წარადგინეს.

ბანკი ქართუს საქმიანობის, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა პლასტიკური ბარათების დეპარტამენტის დირექტორმა, ანრი გოქსაძე. მისი განცხადებით, ბანკი უკვე 25 წელია ფლობს საკუთარ საპროცესინგო ცენტრს, რის შედეგადაც ამ სფეროში მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს დაგროვებული.

2026 წელს ბანკის In-house საპროცესინგო ცენტრში მიმდინარეობს მასშტაბური ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია. კერძოდ, წარმატებით დაინერგა BPC SmartVista პლატფორმა, ხოლო ბანკი გადახდების მიმართულებით გადადის ახალ სტრატეგიულ მოდელზე — PaaS (Payments-as-a-Service).

აღნიშნული მოდელის ფარგლებში ბანკი ფინანსურ ინსტიტუტებს სთავაზობს სრულფასოვან ინფრასტრუქტურას გადახდების ბიზნესში ჩასართავად. შეთავაზება მოიცავს ყველა ძირითად კომპონენტს, მათ შორის: საპროცესინგო ცენტრთან დაკავშირებას, საერთაშორისო საგადახდო სქემებთან ინტეგრაციას (sponsorship), კლირინგისა და ანგარიშსწორების სერვისებს.

„ჩვენი მიზანია ფინანსურ ინსტიტუტებს შევთავაზოთ თანამედროვე, მოქნილი და ტექნოლოგიურად გამართული პლატფორმა, რომელიც მათ გადახდების მიმართულებით საქმიანობის ეფექტიან განვითარებაში დაეხმარება“ - აღნიშნა ანრი გოქსაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და თანამშრომლები, საფინანსო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორი კომპანიების სტუმრები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია, რომელთა ფარგლებშიც განიხილეს სექტორისთვის აქტუალური საკითხები და გამოწვევები:

  1. „ბანკინგის მომავალი: არის თუ არა მომავალში ბანკი პროდუქტი თუ პლატფორმა?“ - დისკუსიაში მონაწილეობდნენ ბანკი ქართუს, Paysera Bank Georgia-ს, Silk Bank-ის, Hash Bank-ს გენერალური დირექტორები და Payiv Bank-ის შესაბამისობის მთავარი ოფიცერი.
  2. „საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული დავები და მათი განხილვის მექანიზმები“ - დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა მომხმარებელთა უფლებების დაცვის, დავების მართვისა და ეფექტიანი განხილვის თანამედროვე პრაქტიკა.

ღონისძიების დასასრულს, ტრადიციისამებრ, დასახელდნენ კლუბის 2026 წლის საპატიო წევრები. კლუბის საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭა ბანკი ქართუს პლასტიკური ბარათების დეპარტამენტის დირექტორს, ანრი გოქსაძეს.

ბანკი ქართუ მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ფინანსური სექტორის განვითარებას, ინოვაციების დანერგვასა და საგადახდო ეკოსისტემის გაძლიერებას.

უკან დაბრუნება