სიახლეები

სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის

სს ბანკი ქართუ აცხადებს 2026 წლის სტუდენტური სტაჟირების პროგრამაზე მიღებას, რომლის მიზანია საბანკო საქმიანობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა რეალურ სამუშაო გარემოში აქტიური ჩართულობის გზით.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები 3 თვის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ თემატურ ტრენინგებში და, ამასთანავე, როტაციის პრინციპით ჩაერთვებიან ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაში შემდეგი მიმართულებებით:
  • ხაზინის დეპარტამენტი - ბანკის აქტივ-პასივების მართვა, სახაზინო ოპერაციების წარმოება, ვალუტითა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, ლიკვიდობისა და სავალუტო პოზიციის მონიტორინგი და მართვა; ბანკის საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია და საერთაშორისო საკორესპონდენტო ქსელის განვითარება.
  • რისკების მართვის დეპარტამენტი - ბანკის საკრედიტო, ფინანსური და საოპერაციო რისკების მართვასთან დაკავშირებული ყოველდღიური აქტივობები, შესაბამისი ანგარიშგებებისა და დასკვნების მომზადება; მნიშვნელოვანი მაჩვენებლების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
  • ანგარიშგების დეპარტამენტი - ბანკის საზედამხედველო მიზნებისთვის სხვადასხვა პერიოდულობის ანგარიშგებების დამუშავება, მომზადება; IFRS რეპორტინგის წარმოება როგორც ინდივიდუალურ, ასევე კონსოლიდირებულ დონეზე; ბანკის მენეჯერული ანგარიშგებების მომზადება და ფინანსური შედეგების ანალიზი; ახალი რეპორტების შექმნა და ავტომატიზაცია.
  • საფინანსო დეპარტამენტი - ბანკის შიდა და გარე ოპერაციების წარმოება, მონიტორინგი, აღრიცხვა და კონტროლი; ბანკის ძირითადი ფინანსური უწყისების მომზადება; საგადასახადო მიზნებისთვის შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება და საგადასახადო შესაბამისობის უზრუნველყოფა.
სტაჟირების პარალელურად, პროგრამაში ჩართული სტუდენტებისთვის ჩატარდება ტრენინგები ბანკის მენეჯმენტისა და შესაბამისი ერთეულების ხელმძღვანელი თანამშრომლების მიერ.  გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს მონაწილეთა ტექნიკური უნარების განვითარებას Microsoft Excel-ისა და Power BI-ის მიმართულებებით, რაც მათ მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგების მომზადებისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას მისცემს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსებისა და ეკონომიკის ფაკულტეტების როგორც ბაკალავრის საფეხურის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.
 
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • აპლიკაციის შეფასება პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის საფუძველზე;
  • ტესტირება, რომელიც მოიცავს ლოგიკური და მათემატიკური უნარების, კორპორაციული ფინანსებისა და Microsoft Excel-ის ცოდნის შეფასებას;
  • გასაუბრება პროექტში ჩართულ თანამშრომლებთან, რომლებიც სტაჟირების პერიოდში უშუალოდ უხელმძღვანელებენ და ითანამშრომლებენ პროგრამის მონაწილეებთან.
 
პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩეული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან თბილისში, სს ბანკი ქართუს სათავო ოფისში, ხოლო თემატური ტრენინგები ჩატარდება ბანკის ტრენინგ ცენტრში.
 
სტაჟირების პროგრამა ანაზღაურებადია სრული პერიოდის განმავლობაში.

პროგრამის ფარგლებში საკუთარი შესაძლებლობების წარმატებით წარმოჩენის შემთხვევაში, მონაწილეებს სს ბანკ ქართუში კარიერული განვითარების და დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24.07.2026

სტაჟირების პროგრამის დაწყების პერიოდი: 2026 წლის აგვისტო
 
რეგისტრაციისთვის იხ. ბმული.
უკან დაბრუნება